სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯები შეისწავლა. დასკვნა უკვე მზად არის და დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ სხვადასხვა პროექტებისთვის პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსების დიდი ნაწილი ხელფასებში დაიხარჯა.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორის რომლებმაც პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსება მიიღეს, ერთ-ერთი გიორგი მარგველაშვილის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელია.
საუბარია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის გადაცემულ დაფინანსებაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შემოწმების მიზნით სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს თავად მიმართეს, რათა შეემოწმებინათ ის ხარჯები, რომელსაც ადმინისტრაცია წლის განმავლობაში წევს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველა რეკომენდაცია მათთვის მისაღებია.
"საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული ხარჯი არის მხოლოდ 20% იმ ხარჯისა, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. მხოლოდ 5 პროექტში 268-დან არის, როდესაც ხელფასები მცირედით აღემატება 20%-ს,“ -განმარტა გიორგი აბაშიშვილმა.
ლაშა თორდიას უწყებაში აცხადებენ, რომ ეს იყო გეგმიური შემოწმება, გამოიკვეთა რამდენიმე ტიპის შენიშვნა და რამდენიმე რეკომენდაცია, თუმცა არცერთ მათგანს სისხლის სამართლის დარღვევასთან კავშირი არ აქვს.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოხვედრილი ერთ-ერთი პროექტი უკავშირდებოდა კონსტიტუციას, მის სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარეს, რომელიც სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა. მისი ხელმძღვანელი არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელი და პრეზიდენტის ახლობელი მამუკა ბერიაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ ანალოგიური ტიპის ტენდერებში და სახელმწიფო პროექტებში არა ერთხელ მიუღია მონაწილეობა.