18 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
სანქციები რუსეთისა და ირანისთვის - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ამ წუთებში კენჭისყრისთვის ემზადება

ამ წუთებში შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატა რუსეთისა და ირანისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრისთვის ემზადება.

დოკუმენტში საუბარია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების პროცესში შესაძლო ჩარევაზე.

თუმცა, საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ხელს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის.

დონალდ ტრამპს რამდენიმე არჩევანი აქვს. მოაწეროს კანონპროექტს ხელი, დაადოს მას ვეტო ან არ გაატაროს არანაირი ღონისძიება და ამ შემთხვევაში, კანონი 10 დღეში ავტომატურად შევა ძალაში.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილი ამ კანონპროექტში არის ის, რომ პრეზიდენტისთვის რთული ხდება, ერთპიროვნულად მოხსნას ან შეასუსტოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

„მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ სანქციების წინააღმდეგი იყო. მას არ სურდა დამატებითი შეზღუდვები ჰქონოდა ისეთ საკითხებზე მოსალაპარაკებლად, როგორებიც არის სირია და ჩრდილოეთ კორეა, რაზეც ვცდილობთ რუსებთან მუშაობას. თუმცა მიმაჩნია, რომ სანქციები ერთ-ერთი საუკეთესოა იმ საშუალებებიდან, რომლებიც მას გააჩნია გარკვეული შედეგის მისაღებად და მინსკის ხელშეკრულების შესასრულებლად, რაც ამ ეტაპზე საერთოდ არ ხდება,“ - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ.

ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, რიჩარდ უეიტსი, ამბობს, რომ მხოლოდ ეს კანონპროექტი ეფექტური გზა ვერ იქნება მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად.

„რუსები საზღვარს სულ უფრო ხშირად სწევენ და ნიშანი იმისა, რომ ისინი ამ ტერიტორიების დაბრუნებას გეგმავენ, საერთოდ არ ჩანს. ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს არა აქვთ ბერკეტები, ახლა აიძულონ რუსეთი, გავიდეს ამ ტერიტორიებიდან,“ - ამბობს რიჩარდ უეიტსი.

დღის ამბები