"ნაციონალური მოძრაობა" ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც მოქალაქე პატრულს შეურაცხყოფას აყენებს.
ვიდეოფირზე ასახულია ვითარება, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ავტომანქანას აჩერებს და მძღოლს საბუთებს სთხოვს. საჭესთან მჯდომი მოქალაქე კი სამართალდამაცველს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ კი ახლობლებთან პრობლემის მოსაგვარებლად იწყებს რეკვას.
მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილია, რომელიც პატრულის ეკიპაჟებს აგინებს, სატელეფონო საუბრის დროს ზვიად ჯანყარაშვილს და დათო ცინარიძეს ახსენებს.
"მე ვიღაცა არა ვარ, რაა და არ დაგაწერინებ! ხო გაიგე, ვისაც ველაპარაკე? ნახე, რაა, 205-ს დედა ... ი რა. აუცილებლად გადაეცი, გავაშვებინებ სამსახურიდან. მე იმიტომ ვარ გაბლატავებული, რომ ესენი ჩემი ოჯახის წევრები არიან," - ამბობს ვინმე ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომელთან საუბრისას.
"შევარდნაძის დროში ვბრუნდებით, როდესაც მოქალაქეები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, პირადი ნაცნობობით აგვარებენ პრობლემას," - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ამასთან, ჯაფარიძის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი, რომელსაც აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ ვიდეოში უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
"ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ის უნდა აღდეს სამსახურში და გამოძიების შედეგად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობა და ჩაიდინეს დანაშაული," - აღნიშნა ჯაფარიძემ.