ართანაში ტყის ხანძრის აქტიური კერების რაოდენობა 4-მდე შემცირდა, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება კვლავ ვერ ხერხდება. სამუშაოებში 500-ზე მეტი მეხანძრე და ქართული და ირანული სამაშველო ვეტმფრენებია ჩართული.
ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ასევე ჩართული მოხალისეები აცხადებენ, რომ ხანძარი ფერდობზე ვრცელდება, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
„4 ვერტმფრენი მუშაობს, ცოცხალი ძალა არის ძალიან მომატებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, მოგეხსენებათ, ჩამოვიდა, მეტყევეებიც ადგილზე არიან. მიუდგომელი ადგილია. სამცხე-ჯავახეთისგან განსხვავებით, თქვენ გახსოვთ, რომ მოხერხდა იქ მძიმე ტექნიკის გამოყენება და გზების გაკეთება. აქ ეს დაქანებისა და კლდოვანი რელიეფის გამო შეუძლებელია,“ - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ.
მისი თქმით, დღეს ხანძრის ლიკვიდირების იმედი არ აქვს, თუმცა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდეს.
სამუშაოებში ჩართული მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ხანძრის ჩაქრობას 4-5 დღე დასჭირდება.