წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდება პოლიციელების მისამართით. სამგზის ნასამართლევი პატიმარი, რომელსაც ბოლო განაჩენით სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა, 15 პოლიციელს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს.
სამართალდამცველებმა 29 წლის დაჩი ფელდმანი გვიან ღამით საბურთალოს სასაფლაოზე ჯერ აწამა და შემდეგ სასტიკად სცემა. დაკავებულის მამა ყვება, რომ მისი შვილი სამართალდამცველებმა სახლთან დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და წინასწარი დაკავების იზოლატორის ნაცვლად, სასაფლაოზე მიიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულს პოლიციელებმა სახეზე, კიდურებზე და თავის არეში დაზიანებები ხელკეტებით მიაყენეს. ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, მას სიტყვიერადაც ამცირებდნენ.
ცემის გარდა, მისი ადვოკატები პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ დაკავებულს, რომელსაც ხელბორკილები ედო, სამართალდამცველებმა ტანსაცმელი გახადეს და ფოტოები გადაუღეს. ფელდმანის ცემის მოტივად, ადვოკატები მის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ასახელებენ.
სასაფლაოდან დაკავებული სამართალდამცველებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. განყოფილებაში მიყვანისას ფელდმანს რომ მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, ციხის ექიმის მიერ გაცემული ცნობაც ადასტურებს. ოჯახმა ალტერნატიული ექსპერტიზაც ჩაატარა, რომლმაც დაადასტურა, რომ დაკავებულს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
პატიმრის ცემის საქმეზე პროკურატურამ პოლიციელების წინააღმდეგ ძიება დეკემბერში დაიწყო. დაიკითხა თავად ნაცემი პატიმარიც, რომელმაც გამომძიებლებს პოლიციელების გვარები დაუსახელა. იურისტები შოთაძის უწყებას გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, პოლიციელების დასჯას და დაკავებულის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ.
სასამართლომ დაჩი ფელდმანი დამნაშავედ სცნო იარაღის უკანონო ტარებასა და პოლიციელებზე შეიარაღებულ თავდასხმაში და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პოლიციელებს კი, რომელთა წინააღმდეგაც საქმეა აღძრული, უფლებამოსილება ამ დრომდე არ შეჩერებიათ.