თბილისში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განხილვის ერთ-ერთი თემა თავისუფალი მედიის მნიშვნელობა იყო. მონაწილეებმა რუსთავი2-ის საქმეზე და მის წინააღმდეგ გავრცელებულ ქმედებებზეც ისაუბრეს.
საკითხზე საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმაც, ისაუბრა. მისი აზრით, რუსთავი2-ის ფუნქციონირებაში არავინ ერევა და მეტიც, სახელმწიფომ, ფინანსური დავალიანებების მიუხედავად, ტელეკომპანიას ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა.
„ყველა ჩვენგანი ამჩნევს, რომ რუსთავი2 ფუნქციონირებაში არავინ ერევა. იყო სასამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც პატივს ვცემთ. შემდეგ იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება, არ ვეთანხმებით, მაგრამ პატივს ვცემთ. ასე რომ, ტელევიზია ფუნქციონირებს. უზარმაზარი საბიუჯეტო დავალიანების მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტელეარხს ემუშავა და არ გაყინულიყო მისი ანგარიშები. ამით ვაჩვენეთ, რომ თავისუფალი მედის გარემოს უზრუნველყოფა არის მთავრობის ნება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.