პროფკავშირების ყრილობა სამართალდამცველების მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. მიზეზი სავარაუდოდ, კანდიდატებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებებია, რომელიც არჩევნებს, რამდენიმე კვირის განმავლობაში წინ უძღოდა.
ყრილობის დელეგატებმა ახალი თავმჯდომარე დღეს უნდა აირჩიონ. თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატურაა წარდგენილი - მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, კულტურის პალატის ხელმძღვანელი - დავით ოქიტაშვილი და ამირან ზენაიშვილი. ყველაზე მწვავე დაპირისპირება, სწორედ ირაკლი პეტრიაშვილსა და დავით ოქიტაშვილს შორის არის მოსალოდნელი. დავით ოქიტაშვილი ირაკლი პეტრიაშვილს კრიმინალს უწოდებს და ამბობს, რომ მისი თვითმიზანი პეტრიაშვილის „ფეოდალური მმართველობის“ დასრულებაა.
„მე არ ვაპირებ არანაირი კანდიდატურის მოხსნას, თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ მე შევთავაზე ბატონ ირაკლი პეტრიაშვილს მოეხსნა თავისი კანდიდატურა. ჩემი თვითმიზანი გავმხდარიყავი თუ გავხდები პროფკავშირების თავმჯდომარე ეს არ იყო. ჩემი თვითმიზანი იყო 12 წლიანი ფეოდალური მართვა კრიმინალ პეტრიაშვილის დაენახა საზოგადოებას. და საზოგადოებამ და დელეგატებმა გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს ლიდერი.
"არ ვარ მე მთავრობიდან მართული კანდიდატი. მე თუ მთავრობიდან მართული კანდიდატი ვიქნებოდი, სხვანაირი მეთოდებით მოვიდოდი, როგორც ის მოვიდა 2005 წელს,“-განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პროცესებში ხელისუფლების ჩარევაზე საუბრობს. პეტრიაშვილის თქმით მმართველ გუნდს სურს, პროფკავშირებს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც ისინი გააკონტროლებენ.
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი წარმომადგენლები ბიზნესში, პარლამენტში და ა.შ. ებრძვიან ამ დამოუკიდებელ ინსტიტუტს იმიტომ, რომ მათ ე.წ. პროფკავშირს, რომელიც ჯიბეში ჰყავთ ჩასმული, თავისთან რკინიგზაში, გაუგეს გემო და რატომაც არა ნაციონალურ დონეზეც ესე მოხდეს,“-განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის ამირან ზენაიშვილის განცხადებით კი დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული შეინარჩუნებს თუ არა პროფკავშირები დამოუკიდებლობას.
ხელისუფლების სურვილზე მართოს პროფკავშირები, საუბრობენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში შემავალი სხვადასხვა პროფკავშირების თავმჯდომარეებიც.