ბოლო პერიოდში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიმართვა გაავრცელა. საკითხი პატრიარქის სახლში ტერორიზმში ბრალდებული პირების შეფარებას ეხება.
საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში პატრიარქმა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისინი უყვარს.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
“სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.
„ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.
„დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად.
„თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს“.