სერგო მამასახილისის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყება განცხადებაში განმარტავს, რომ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, იზოლატორში მოთავსებამდე კი სამედიცინო შემოწმებისას დადგინდა, რომ დაკავებულებს სხეულზე გარეგნული დაზიანებები აღენიშნებოდა, რაზეც დაკავებულებმა განაცხადეს, რომ დაზიანებები დაკავების დროს წაქცევისას მიიღეს.
„შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე, სამივე დაკავებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. ბრალდებულ ს.მ-ს სხეულზე, გარეგნული დათვალიერებით, დაზიანებები აღენიშნებოდა. დაკავებულის განმარტებით, დაზიანებები დაკავების დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. მან, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. აღნიშნულის თაობაზე შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და ქალაქ თბილისის პროკურატურას.
"მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა შსს-ს გენერალურ ინსპექციის ცხელ ხაზზე - „126“ გააკეთა სატელეფონო შეტყობინება პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის შესახებ. შეტყობინების მიღების შემდეგ, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში ცდილობენ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე მასთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება.
"მიმდინარე წლის 27 სექტემბერს შსს-ს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა დაკავებულის ადვოკატმა. ვინაიდან აღნიშნული განცხადება და ასევე, 26 სექტემბერს ცხელ ხაზზე გაკეთებული შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ორივე მათგანი, შემდგომი რეაგირების მიზნით, ქალაქ თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა,”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.