კათალიკოს პატრიარქის ინიციატივით, დღეს დილის 10:00 საათიდან, სამების ტაძარში, ერის გამთლიანებისთვის ლოცვები სრულდება. ილია მეორემ, მრევლს 21 სექტემბერს მოუწოდა, რომ ყოველ ხუთშაბათს, სამების ტაძარში, ერის გამთლიანებისთვის სალოცავად შეიკრიბონ.
პატრიარქი დღეს მრევლს შეხვდა და ქართული მიწების გასხვისების საკითხზეც ისაუბრა.
„საქართველოს გააჩნია მიზიდულობა, მაგრამ ეს გვაწყობს ჩვენ თუ არა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი. სამუშაო ადგილი თუ უნდა ადამიანს, აუცილებლად გაჩნდება,“ - განაცხადა პატრიარქმა.
დღესვე ქადაგების დროს, განცხადება, აფხაზური ეკლესიის შესახებ გაკეთდა.
„სანამ აფხაზეთს დავიბრუნებთ, ტერიტორიას, პირველ რიგში აფხაზები უნდა დავიბრუნოთ თქვენო უწმინდესობავ ალბათ, იმიტომ, რომ მტერმა ამით მოახერხა ამ ხალხის დაპირისპირებით. კონკრეტული პროექტი თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, თითო ტაძარმა დაიმეგობროს ერთი ოჯახი აფხაზი, ჩამოიყვანოს, გაიცნოს ეს ოჯახი, გააცნოს მრევლი, დაეხმაროს, დაიმეგობროს,“ - მიმართა საქართველოს პატრიარქს მამა დავით კონჯარიამ.