შორენა თეთრუაშვილის სკანდალურ ჩვენებას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გამოეხმაურა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით საზოგადოებამ ბევრი რამ გაიგო და კიდევ უფრო მეტს შეიტყობს, როდესაც მოძიებული იქნება გარკვეული მტკიცებულებები.
„რადგანაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ხელისშემშლელი პირიქით იყო გარკვეული პირებისთვის იმიტომ მოხდა ამ ე.წ. დანაშაულის ორგანიზება და დაბრალება, ვითომდა დეკანოზს გიორგი მამალაძეს განზრახული ჰქონდა ვინმეს მკვლელობის მომზადება. როგორც იტყვიან, ციხე შიგნიდან ტყდებაო და მე მიმაჩნია, რომ გუშინდელი ფაქტი და გუშინდელი ჩვენებით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა და კიდევ ბევრს გაიგებს ექსკლუზიურად როცა იქნება ესა თუ ის მტკიცებულებები მოძიებული,“- განაცხადა რამიშვილმა
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა, საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დუმილი დაარღვია. ვრცელ ჩვენებაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ის აღიარებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმე არის დანაშაული მოტივის გარეშე. შორენა თეთრუაშვილის ნაამბობიდან ირკვევა, რომ დეკანოზი საპატრიარქოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე პატრიარქის მოთხოვნით დაინიშნა. მისივე მტკიცებით, ქორეპისკოპოსს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და მამა გიორგი მამალაძეს მიანიჭა, რამაც მეუფე გააბრაზა პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ილია მეორე კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.