პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენებას თეოლოგები ეხმაურებიან. ისინი ფიქრობენ, რომ შორენა თეთრუაშვილის ჩვენების საფუძველზე დადასტურდა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირება მართლაც არსებობს.
თეოლოგის ლევან აბაშიძის თქმით, ცხადი გახდა, რომ რომ საპატრიარქოში ადმინისტრაცია დროულად უნდა შეიცვალოს. აბაშიძე ფიქრობს, რომ შორენა თეთრუაშვილია ის ადამიანი, რომელსაც საპატრიარქოში მართვის ძალაუფლება გააჩნია.
„შორენა თეთრუაშვილის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბარი მე მიმაჩნია რომ, რბილად თუ ვიტყვით, არაკეთილსინდისიერებაა. შორენა თეთრუაშვილი თავად გახლავთ ის ადამიანი, ვისაც ექსკლუზიურად გააჩნია საპატრიარქოში მართვის ძალაუფლება და მის ხელშია სწორედ თავმოყრილი თითქმის ყველაფერი, ყველა ექსკლუზიურად რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ეკლესიის მართვის საკითხებთან. ეს ჩანს კიდეს მის პასუხში, როცა მას მოსამართლე ეკითხება მისი უფლებამოსილებების შესახებ. ერთადერთი რამ, რასაც ჯერჯერობით ქალბატონი თეთრუაშვილი ვერ ასრულებს, ეს არის საზოგადო მსახურება. ეს არის სახე დღევანდელი საპატრიარქოს ადმინისტრაციის და მე მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერმა გამოაჩინია ის, რომ რაც შეიძლება სასწრაფო და მალე უნდა შეიცვალოს საპატრიარქოში ადმინისტრაცია,“ - ამბობს ლევან აბაშიძე.
თეოლოგი ლადო ნარსია კი განმარტავს, რომ შიდა დაპირისპირება ძირითადად უკავშირდება საპატრიარქოს ქონების საკითხს.
„აქამდე თუ ვარაუდები იყო, ახლა თვითონ შორენა თეთრუაშვილმა დაადასტურა, რომ შიდა დაპირისპირება არის, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის რომ, ეს დაპირისპირება არის იმ საკითხზე, თუ ვინ მოაწერს ხელს იმ დოკუმენტებს, რომელიც ეხება ქონების გადაცემას და საერთოდ ვინ აკონტროლებს საპატრიარქოს ქონებას, რომელიც საკმაოდ დიდია. ეს ეჭვებს აჩენს, ხომ არ არის აქ კორუფცია და პირადი გამორჩენა,“ - განაცხადა ლადო ნარსიამ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა, საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დუმილი დაარღვია. ვრცელ ჩვენებაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ის აღიარებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმე არის დანაშაული მოტივის გარეშე. შორენა თეთრუაშვილის ნაამბობიდან ირკვევა, რომ დეკანოზი საპატრიარქოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე პატრიარქის მოთხოვნით დაინიშნა. მისივე მტკიცებით, ქორეპისკოპოსს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და მამა გიორგი მამალაძეს მიანიჭა, რამაც მეუფე გააბრაზა პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ილია მეორე კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.
ავტორი: თაკო სურგულაძე.