ალეკო ელისაშვილი ხვალ საკრებულოს დატოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი საკრებულოს მიერ ორი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს. ელისაშვილი მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდებს კოლეგებსაც, რათა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ თაბორის მთისა და პუშკინის ქუჩასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საბოლოო მიღება "ქართულ ოცნებას" მარტოს მოუწიოს.
ალეკო ელისაშვილის მოწოდებას უკვე გამოეხმაურნენ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები. დეპუტატები ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისელების ქონება არ მიისაკუთროს, თუმცა ისინი არ იზიარებენ აზრს, რომ ამისთვის საკრებულო უნდა დატოვონ. დეპუტატები თვლიან, რომ საკრებულოს ტრიბუნიდან უკეთ შეძლებენ თბილისელების უფლებები დაცვას.
„ამ დროს არათუ უნდა წახვიდე და გაექცე ამ ამბავს, არამედ პირიქით უნდა შეეწინააღმდეგო, უნდა იბრძოლო უნდა გამოიყენო ყველა ის შანსი, რომელსაც გაძლევს შენი მდგომარეობა როგორც დეპუტატის,“-აცხადებს მამუკა ახვლედიანი.
კოლეგების პოზიცია უკვირს საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია სად რჩებიან მისი კოლეგები.
„როდესაც თბილისის საკრებულოს შენობაში აღარ დარჩა თბილისის საკრებულო შინაარსობრივად იმ დღის მერე ივანიშვილის მიერ საკრებულოს აბუჩად აგდების შემდეგ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია მითუმეტეს ოპოზიციონერი დეპუტატების ეს პოზიცია, რომ იცი რა, ჩვენ მაინც დავრჩებით. სად რჩებიან?- სადაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმას, რაც უნდა და სადაც ჯარი და ავიაცია ჰყავთ გამოძახებული საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს იქ რჩებიან,"-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.