საკრებულოს მიერ თაბორის მთისა და პუშკინის ქუჩის ნაწილისთვის ზონის სტატუსის შეცვლას და მცდელობას ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადასცენ, ამ წუთებში პუშკინის სკვერში აპროტესტებს „ევროპული საქართველო“. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ეს ქმედება არის თავხედობა, რომელიც არავის შერჩება.
„არ არსებობს ასეთი სითავხედე ვინმეს შერჩეს. არც თბილისია ის ქალაქი, რომელიც ასეთ სითავხედეს ვინმეს შეარჩენს, არც საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ასეთ სითავხედეს ვინმეს შეარჩენს. არ გამოვა, რომ აი ასე ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრით, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ მიაღწიონ გამარჯვებას. რომ მილიარდელმა ქალაქს მოსტაცოს, მოპაროს მიწა ბოტანიკური ბაღის და შეუერთოს თავის ეზოს. არ გამოვა, რომ გამოწკეპილი კალაძე ფოტოშოპში გადაღებული ვითომ მწვანე ნარგავებით, ვითომ გალამაზებული თბილისით იწონებდეს თავს. დღეს ვაჟბატონებს, „ქართულ ოცნებას“ თავისი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია ჰქონდათ „ჩემი საქართველო აქ არის“. ყველას საქართველო აქ არის მაგრამ საქართველო არ არის თქვენი ბოსტანი“,-განაცხადა გოკა გაბაშვილმა
მხარდამჭერებს სიტყვით „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმაც მიმართა. ელენე ხოშტარიას განცხადებით არ უნდა განმეორდეს ქვეყანაში ის, რაც წლების წინ ხდებოდა და თბილისელებმა არ უნდა დაუშვან, რომ 1 ლარად მილიარდელებმა მიიტაცონ დედაქალაქის ქონება.
„ზოგს ჰგონია რომ პროტესტს აზრი არ აქვს და ზოგს ჰგონია, რომ თუ დარბაზიდან ხელების მოგრეხვით ერთხელ გამოგვიყვანენ რაღაც გაუვიდათ. არაფერი არ გაუვიდათ ვერც ერთი ზონდერი, ვერც ერთი შეცდომაში შეყვანილი პოლიციელი, ვერც ერთი მილიარდელი ვერ გააჩერებს ჩვენ პროტესტს იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ იდეისთვის ვიბრძვით. ჩვენ ფულისთვის არ ვიბრძვით“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.