სოფელ ყარაჯალაში 12 წლის ორი მოზარდი სკოლას ერთი კვირაა გამოეთიშნენ. მოზარდებს ერთი კვირაა განათლების მიღების უფლება ეზღუდებათ.
12 წლის აიშე სკოლაში ჰიჯაბით მივიდა, თუმცა გაკვეთილებს ბოლომდე არ დასწრებია. მას სკოლის დირექტორმა გაკვეთილებზე დარჩენის უფლება არ მისცა.
აიშეს მამა ამბობს, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილმა თმა თავშალით მშობლების მექაში ყოფნის დროს, საკუთარი გადაწყვეტილებით დაიფარა. მშობელი ირწმუნება, რომ სკოლის ხელმძღვანელობამ მათი შვლის უფლებები დაარღვია და სასწავლო პროცესს ჩამოაშორა.
თავად ყარაჯალის სკოლის დირექტორი აიშეს მამას წერს, რომ გაკვეთილების მიმდინარეობისას 12 წლის თავშალიანი გოგოს დასწრება სკოლის შიდა განაწესს ეწინააღმდეგება.
აიშეს მამის მსგავსად, ყარაჯალაში მცხოვრები კიდევ ერთი 12 წლის გოგოს მამა ამბობს, რომ თმის შალით დაფარვა სურს მის ქალიშვილსაც.
საქმეს უკვე სწავლობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია." საია-ს თელავის ოფისის იურისტი ამბობს, რომ ის აიშეს ოჯახს შეხვდა, მოისმინა მათი პოზიცია, ესაუბრა ბავშვსაც და თვლის, რომ შესაძლოა სკოლამ საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებები დაარღვია.