დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს არარსებობა და არაჯეროვანი სისტემური რეფორმები. ამ წუთებში ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ 2012-დან 2017 წლამდე პერიოდის კვლევას წარადგენს.
დოკუმენტის მიხედვით, პრობლემად რჩება პენიტენციალურ დაწესებულებებსა და პოლიციის სამმართველოებში არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ასევე, ყურადღება გამახვილებულია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხება.
„საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო განეხორციელებინა რეფორმა და შეექმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები, იყოს ეფექტიანად, დამოუკიდებლად გამოძიებული,“-განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელმა სოფო ასათიანმა.
კვლევაში მოყვანილ შენიშვნებს არ ეთანხმება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ეკა ბესელია ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი საქმის გამოძიება მოხდა და მათგან 200-ზე მეტი ეპიზოდი უკვე დასრულებულია.
„გამკაცრდა სანქციები წამების, არაადამიანური მოპყრობის, ღირსების დანაშაულებებზე. ახალი სტრუქტურა, რომელიც შეიქმნა მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წლის წინ და ყოველწლიურად ვისმენთ ჩვენ ამ ანგარიშს, ეს არის წარსულში ჩადენილი, სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულებები. 200-ზე მეტი ეპიზოდი უკვე დასრულებულია,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.