საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიაში დაგეგმილ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარეც დაესწრება. სწორედ ამ სხდომის შემდეგ, ევროსაბჭოს მთავარი საკონსტიტუციო ორგანო საბოლოო რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს. პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტს 8 დღე რჩება გადაწყვეტილების მისაღებად, დაადოს ვეტო თუ მოაწეროს ხელი.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს დიალოგს სთავაზობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მზად არიან ნებისმიერ დროს გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. ამასთან „ქართული ოცნება“ კვლავ და აცხადებს, რომ სთავაზობს გიორგი მარგველაშვილს მოტივირებული შენიშვნების სახით, პარლამენტს მხოლოდ 2 საკითხი დაუბრუნოს უკან, რომელიც ბონუსების სისტემის გაუქმებას და 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვებას შეეხება.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული.
„ჩვენ ყოველდღე ველოდებით, რომ პრეზიდენტს რაღაც სურვილი ექნება. დროს და ადგილს მიგვითითებს, შევხვდებით. იმიტომ, რომ არგუმენტები, რომლებიც გაგვაჩნია, საკმაოდ დამაჯერებელია,“ - აცხადებს გია ვოლსკი
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს ვეტო დაადოს.
„მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს საკონსტიტუციო უფლებას ვეტოს დადებასთან დაკავშირებით და სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან მიიღებს გადაწყვეტილებებს და არა იქიდან გამომდინარე თუ რა ინტერესები ამოძრავებს მმართველ გუნდს,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.