18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
"თუ ვინმეს გონია, რომ დღეს ამით დასრულდება ყველაფერი ძალიან ცდება"-ზაალ უდუმაშვილი

ამ დროისთვის შარტავას ქუჩაზე, მერიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს, სიტუაცია კვლავ მწვავეა. პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეებს შარტავას ქუჩა დაატოვებინოს. ასევე, სამართალდამცავები საშუალებას არ აძლევენ ჟურნალისტებს, რომ პარტიის ლიდერების განცხადებები მოისმინონ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, პოლიცია ასრულებს უკანონო დავალებას და ძალის გამოყენებით ცდილობს აქციის მონაწილეებს დაატოვებინოს მერიის მიმდებარე ტერიტორია.

„ხედავთ რა ხდება აქ და რა ძალებით ცდილობენ როგორმე დაგვატოვებინონ ტერიტორია. თუ ვინმეს გონია, რომ დღეს ამით დასრულდება ყველაფერი, ძალიან ცდება. არ მივაყვანინებთ ამ საკითხის გადაწყვეტილებას 21 ოქტომბრამდე, არ არსებობს, თბილისზე ვერ იძალადებენ. შეიძლება დღეს 2000 ადამიანზე იძალადა პოლიციამ, მაგრამ თბილისზე ვერ იძალადებენ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, დედაქალაქის მერმა მოქალაქეების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. 

ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები