ხმაურიანი აქცია თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაშლით და რამდენიმე პირის დაკავებით დასრულდა. პარტიის ლიდერები მომხრეებთან ერთად თბილისის მერიასთან დღის პირველ ნახევარში მივიდნენ და დავით ნარმანიასთან შეხვედრა ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე ახალი მიწის ნაკვეთების გადაცემის გამო მოითხოვეს. დავით ნარმანიასთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ოპოზიციის წევრებს დაცვის სამსახურმა არ მისცა შენობაში შესვლის უფლება, რასაც დაპირისპირება მოყვა. ნაცემია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი. აქცია პოლიციამ დაშალა. ოპოზიციის 6 წევრი კი დააპატიმრეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მერიაში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. აქციის მსვლელობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.