18 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
თბილისის მერიასთან დაკავებული ორი პირი კლინიკიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაკავებული ორი მონაწილე, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, ღამით მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გიორგი რუხაიამ და ლაშა ჭიღლაძემ "ინგოროყვას" კლინიკა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ დატოვეს.

ექიმების შეფასებით, მათ თავისა და მხრის ტრავმები აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

როგორც ერთ-ერთი დაშავებულის ძმა ყვება, სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ დააკავეს, რაც აქციის მონაწილის დაკავების მიზეზის გარკვევა სცადა.

“აქციის დარბევა როგორც კი დაიწყეს, იმ დროს ჩემს ერთ-ერთ მეგობარს აკავებდნენ, მივიდა ჩემი ძმა და უთხრა, რომ განემარტათ მისთვის რატომ აკავებდნენ, ამ დროს ჩააგდეს მანქანაში და წაიყვანეს. მერე უკვე გავიგეთ, რომ მკლავი აქვს ამოგდებული და რამდენიმე ადგილას დაბეჟილობა აქვს,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა ლაშა რუხაიამ.

კლინიკასთან იმყოფებოდნენ დაკავებულთა ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.

„ჩვენი ბრძოლა ბუნებრივია გაგრძელდება, იმიტომ, რომ ასეთი რაღაც წარმოუდგენელია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გადაყლაპოს, როდესაც მილიარდერი ხალხის ხარჯზე, უფასოდ ისაკუთრებს მიწებს თბილისის ცენტრში,“ - აცხადებს გია ბარამიძე.

გამოძიება დაკავებულებს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები