18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"შესაძლოა ყოფილიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება" - არასამთავრობოებს ლომჯარიას გათავისუფლებაზე კითხვები აქვთ

სამოქალაქო სექტორი აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან შესახვედრად მზად არის.  არასამთავრობო ორგანიზაციები ირაკლი მექვაბიშვილის გუშინდელ შეთავაზებას ეხმიანებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მექვაბიშვილის საკადრო გადაწყვეტილებებმა კითხვის ნიშნები გააჩინა.

„ცალსახა რაც არის, არის ჩვენი მოთხოვნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. გარკვეული კითხვები გაჩნდა იმ მიმართულების მოადგილის გათავისუფლების შემთხვევაში, რომელიც არჩევნების თემაზე მუშაობს და ზოგადად, უწყებაში კურირებდა პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის მიმართულებას,“ - აცხადებს „საია“-ს წარმომადგენელი ლელა ტალიური.

სამოქალაქო სექტორში გენერალური აუდიტის მოადგილის, ნინო ლომჯარიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და კითხვებზე პასუხების მიღებას საჯაროდ ითხოვენ.

„შესაძლოა ყოფილიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ რა ნიშნით შეიძლება ბატონი ჯავახიშვილი დატოვო და მაგალითად, ქალბატონი ლომჯარია სამსახურიდან გაუშვა, ჩვენთვის გაუგებარია. შეხვედრისთვის მზად ვართ, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დახურულ კარს მიღმა ამ საკითხების განხილვას ჩვენ არ ვაპირებთ. ეს არის საჯარო კითხვები და საჯაროდ უნდა იქნეს მათზე პასუხი გაცემული,“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები