საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიასაშუალებებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქმე ეხება მედია საშუალებებით სასამართლო სხდომებზე მიცემული ჩვენებების აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტს.
„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არა ერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა,“ - განაცხადეს პროკურატურაში.