„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა. როგორც აკაკი მინაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, რომ გაითვალისწინოს ქართველი ხალხის სურვილი და ნება.
„კონსტიტუციასთან მიმართებაში, ჩვენ ვხედავთ - ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი თავისი „ქართული ოცნებით“ და მეორე მხარეს არის მთელი ქართული საზოგადოება. დიალოგზე წამსვლელი „ქართული ოცნება“ არ არის და ამისთვის მას მოუწევს ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხის გაცემა და ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ ეს საქციელი,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოფიციალურად მიიწვია. გიორგი აბაშიშვილის თქმით, კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით დიალოგზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს სპეკულაციას, რადგან როგორც აბაშიშვილი განმარტავს, პრეზიდენტმა არა ერთხელ გამოთქვა მმართველ გუნდთან შეხვედრის მზადყოფნა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით 6 ოქტომბერს, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასების საბოლოო დასკვნა დამტკიცდება. კობახიძის განცხადებით, დასკვნა იქნება წინასწარ შეფასებით დოკუმენტზე დაფუძნებული. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის იმ ორი პირობის შესასრულებლად, რომელზე შეთანხმებაც ვენეციის კომისიასთან შედგა. საუბარია ბლოკებისა და ბონუსის საკითხის კონსტიტუციიდან ამოღებაზე.
კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება პრეზიდენტისადმი აღნიშნულ ორ საკითხზე ვეტოს გამოყენებასთან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია.
სტრასბურგში გამგზავრებამდე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს გაიზიარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მმართველი გუნდის შეთავაზებას დათანხმდება.