18 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას თვეები ან წლები დასჭირდება - ICC-ის პროკურატურის წარმომადგენელი

„ძნელია, განსაზღვრო, რა დრო დასჭირდება გამოძიების დასრულებას. ჩვენ ვიძიებთ ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს და მტკიცებულებების შეგროვება ნამდვილად არ არის მარტივი პროცესი,” - ეს განცხადება თბილისში ვიზიტით მყოფმა ICC-ის პროკურატურის ოფისის წარმომადგენელმა, პაკისო მოკოჩოკომ, გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას თვეები ან წლები დასჭირდება და იმ დრომდე არ დასრულდება, სანამ კონკრეტული მტკიცებულებები არ იქნება სრულყოფილად მოპოვებული.  

„ჩვენი გამომძიებლები ახლა ინტენსიურად მუშაობენ. ჩამოდიან საქართველოში, აგროვებენ ინფორმაციას, საუბრობენ მოწმეებთან, განიხილავენ დოკუმენტებს, რომლებიც მთავრობის ხელშია, შემდეგ კი ბრუნდებიან ჰააგაში ამ ინფორმაციის გასაანალიზებლად. შეაქვთ იგი ჩვენს ბაზაში,” - განაცხადა პაკისო მოკოჩოკომ.

მისივე თქმით, ის, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს გამოძიების პროცესში, ართულებს მდგომარეობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  გამოძიება არ გაგრძელდება.

„ჩვენი მიზანია, სამართალი დადგეს ამ კონფლიქტში დანაშაულებების შედეგად დაზარალებულ ადამიანებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს,” - განაცხადა პაკისო მოკოჩოკომ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თბილისში წარმომადგენლობით ოფისს იანვარში გახსნის. მანამდე ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს მართავს. ისინი უკვე შეხვდნენ მთავრობის, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს. 

დღის ამბები