პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან საგანგებო შეხვედრისას გამოსვლის დიდი ნაწილი ოპონენტების კრიტიკას დაუთმო.
გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციის მწვავე პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.
როგორც დღევანდელი გამოსვლიდან გაირკვა, გიორგი კვირიკაშვილისთვის საგანგაშო არა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის დედაქალაქის ცენტრში 1900 კვადრატული მეტრი ტერიტორიის გადაცემა, არამედ ის საპროტესტო ტალღაა, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებას მოჰყვა.
საყვედური მთავრობის მეთაურისგან დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც მიიღეს, რომლებიც კვირიკაშვილის შეფასებით, არასათანადოდ მკაცრები იყვნენ ოპოზიციის მიმართ.
რაც შეეხება გუშინდელი აქციის ორგანიზატორებს, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს და მინისტრთა კაბინეტთან პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა.