უწყლობა, უმუშევრობა - შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები თითქმის იდენტურია. მათი დიდი ნაწილი არჩევანთან გაუსაძლის საყოფათცხოვრებო პირობებზე საუბრობს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ არ აქვთ სამსახური, პენსია და სოციალური დახმარება კი იმდენად მწირია, რომ მედიკამენტების შესაძენადაც კი არ ჰყოფნით.
„არაფერი შეცვლილა წლების განმავლობაში,“ - ამბობს სურამში მცხოვრები ქალბატონი, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება.
ანალოგიურ მოსაზრება აქვთ რეგიონის სხვა ქალაქებშიც. მოსახლეობა ამბობს, რომ სარწყავი არხების არარსებობის გამო, მოსავალი უხმებათ, ხელისუფლებას კი ეს პრობლემა არ აინტერესებს.
„სამსახური არ არის არაფერი. 7 სული ვართ ოჯახში. რითი ვცხოვრობთ, გვეკითხება მთავრობა?“ - ამბობს ხაშურის ერთ-ერთი მცხოვრები.
მოქალაქეები აცხადებენ,, რომ მათ წინასაარჩევნოდ ხშირად ატყუებენ და დანაპირებს არავინ ასრულებს.
„ცოდოა ხალხი, ყველა ატყუებს. მე ამირჩიე, მე გავაკეთებ. სინამდვილეში არავინ არაფერს არ აკეთებს,“ - აცხადებენ შიდა ქართლში.