„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გირშელ ბართაია უკრაინაში არ შეუშვეს. ის კიევში ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალზე ჩავიდა, თუმცა აეროპორტში მესაზღვრეებმა მას საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. გირშელ ბართაია 24 საათზე მეტი ბორისპოლის აეროპორტში უკან დასაბრუნებელ რეისს ელოდება. მისი თქმით მესაზღვრეებმა ქვეყნაში ჩასული რამდენიმეკაციანი დელეგაციიდან მხოლოდ ის არ შეუშვეს.
გირშელ ბართაიას განცხადებით გადაწყვეტილება უკრაინის მესაზღვრეებმა პოლიტიკური ნიშნით მიიღეს, რადგან ის 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
„დამისვეს რაღაც კითხვები, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს ბოლო ვიზიტს თუ რა მიზნით ვიყავი ჩამოსული. ცხადია პოლიტიკური ნიშნით მოხდა გამორჩევა. მე დარეგისტრირებული ვიყავი 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს როდესაც ის უკრაინაში შემოვიდა. ამის გამო ალბათ შავ სიაში ვარ მოხვედრილი,“-განაცხადა გირშელ ბართაიამ.
უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია, თუმცა ამ დრომდე გირშელ ბართაიას არავინ დაკავშირებია.