ლიდერთა საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიების ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს პირველად შეიკრიბნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს.
როგორც გაირკვა, პარტიები თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე კოორდინირებულად იმუშავებენ იმისთვის, რომ როგორც თავად განმარტავენ აიცილონ ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბება.
რაც შეეხება კონსტიტუციას და უმრავლესობის შეხვედრას პრეზიდენტთან, რომელიც ამ შეხვედრის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ოპოზიციური პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ვეტო არ უნდა ითვალისწინებდეს რაიმე სახის დათმობას.
ის ძირითადი საკითხები, რომელზეც მოლაპარაკებულია და შეთანხმებულია ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უნდა დარჩეს ძალაში. საუბარია 2020 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერთა საბჭოს შეკრების პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძეც ესწრებოდა.