დაპირისპირება ხელვაჩაურში მცხოვრებ ოჯახებს შორის. კახიძეებს დაღუპული წევრის საკუთარ სახლში მისვენების საშუალება მეზობლებმა, გასულ წელს 14 წლის გარდაცვლილი ანრი გოგიტიძის ოჯახმა არ მისცა.
14 წლის ანრი გოგიტიძე შარშან ოჯახის წევრებმა სახლის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ ამას წინ ბავშვებს შორის ჩხუბი უძღოდა, რომელშიც რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა, მათ შორის არასრულწლოვანი კახა კახიძე. დაღუპულის ოჯახის წევრები გამოძიების დროულად დასრულებასა და დამნაშავეების გამოვლენას ითხოვენ.
ხელახალი ექსპერტიზის პასუხს გოგიტიძეები ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. პირველი ექსპერტიზის მიხედვით, მოზარდის დაღუპვის მიზეზად, გულის და სისხლძარღვების უკმარისობა სახელდება, მაშინ, როდესაც ანრი გოგიტიძეს სხეულზე, მათი თქმით, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
განმეორებითი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, მოხდება თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება. ძიება ამ დროისთვის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.