"იყო კანდიდატების წარდგენა ჩვენს კლუბში, კონცერტიც იყო. მოსწავლეებმა, რომ გაიგეს კონცერტი იყო, გაიქცნენ და დაესწრნენ," - ეს განცხადება, სადახლოს პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა საიატ ხალილოვიმა გააკეთა.
საიატ ხალილოვმა მან „რუსთავი2“-თან საუბრისას ღიად დაადასტურა, რომ სკოლის ხელმძღვანელობაც და პედაგოგებიც „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს.
მისი თქმით, არჩევნებზე მხარდაჭერა ხელისუფლების არის, რომელი პარტიაც არ უნდა წარმოადგენდეს მას.
„გუშინ იყო კანდიდატების წარდგენა ჩვენს კლუბში, კონცერტიც იყო. მოსწავლეებმა, რომ გაიგეს კონცერტი იყო, გაიქცნენ და დაესწრნენ. მეც დაინტერესებული ვიყავი, ვუჭერთ მხარს ხელისუფლებას, ეს ყოველთვის ასეა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიაა. როგორც ჩვენი მამები და ბაბუები იყვნენ ისე ვართ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ აქვს პარტიას მნიშვნელობა,“-განაცხადა სადახლოს პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა საიატ ხალილოვიმა.
„რუსთავი 2“-მა დაკავშირება სადახლოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორთანაც სცადა, თუმცა გადამღები ჯგუფი მანდატურებმა სკოლის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, დირექტორმა კი ტელეფონი გამორთო.
მარნეულში განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი, კენან ომაროვი კი ამბობს, რომ საარჩევნო შეხვედრასთან და მასში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობასთან დაკავშირებით, არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. მისი თქმით, მათ ინფორმაცია აქვს მოსწავლეების კონცერტზე დასწრებასთან დაკავშირებით და ფაქტის განხილვა დისციპლინურ კომიტეტში მოხდება.
„შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მარტო კონცერტთან დაკავშირებით იყო აღნიშნული ფაქტი და სკოლის დისციპლინურ კომიტეტში განიხილება. ბავშვების განხილვა იქნება იქ შეხვედრის, არა კონცერტთან დაკავშირებით,“-აცხადებს კენან ომაროვი.