ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კიდევ ერთი სავარაუდო ფაქტი მარნეულში. სოფელ სადახლოში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სააგიტაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორები იმ დროის იმყოფებოდნენ, როცა წესით სკოლაში ჯერ კიდევ სასწავლო პროცესი უნდა ყოფილიყო.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ამ ფაქტთან კავშირს უარყოფს და ამბობს რომ ბავშვები მათ არ მიუყვანიათ შეხვედრაზე.
“გამომდინარე იქიდან, რომ წვიმიანი ამინდი იყო, თვითონ ამომრჩეველმა მოინდომა, რომ დარბაზში ყოფილიყო ჩვენი შეხვედრა. როცა ჩვენ ჩავედით, ნახევარი საათი დაგვაგვიანდა, ხალხი დარბაზში იყო, ჩვენ შევედით. ვერ დავიწყებ გადამოწმებას დარბაზში ვინ ზის და არ ზის. ჩვენ გვყავს ახალგაზრდული, რომელიც შეხვედრებს ესწრება. სკოლის დირექტორები მე არ შემიმჩნევია, არ ვიცნობ პირადად მათ, შეიძლება ესწრებოდნენ, არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია. თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდა, არსებობს განათლების სამინისტრო და ისინი გაგცემენ პასუხს. ჩვენგან ასეთი შეხვედრა არ ყოფილა ორგანიზებული. ვცდილობთ კანონის ჩარჩოებში მოვაქციოთ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია,“ - განაცხადა მარნეულში "ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ამირან გიორგაძემ.