18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე მთავარი პროკურატურისგან საქმის მასალებს ელოდება. ზვიად გამსახურდიას შვილს შოთაძის უწყებამ დღეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 24 წლიანი გამოძიების მიუხედავად, კვლავ ბურუსით არის მოცული 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში მომხდარი მკვლელობა.

დეტალებზე არც პროკურატურის დადგენილებაშია საუბარი. მიღებული სტატუსის მიუხედავად, ქართულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს კონსტანტინე გამსახურდია და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით სტრასბურგს მიმართავს.

გამოძიების დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ პროკურატურაში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ იმ პროცედურების შესახებ ყვებიან, რომლის მიხედვითაც მოკლული პრეზიდენტის ოჯახის წევრი შეარჩიეს. იმის გამო, რომ გამსახურდიების ოჯახიდან მხოლოდ ერთი დაზარალებული უნდა ყოფილიყო, რომელსაც საქმის მასალებს გააცნობდნენ, პროკურატურას წილისყრა დასჭირდა.

გუშინ მთავარ პროკურატურაში არ გამოცხადდა და წილისყრაზე უარი განაცხადა პირველი პრეზიდენტის მეუღლემ და კიდევ ერთმა შვილმა, გიორგი გამსახურდიამ. მანანა არჩვაძის თქმით, მთავარმა პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არჩევნების წინ გააგრძელა.

პირველი პრეზიდენტის მეუღლე მთავარ პროკურატურაში მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებასაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.

დღის ამბები