18 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ქართველ ოჯახებს სძინავთ მშვიდად, რადგან მათ სიმშვიდეს იცავთ თქვენ, ჩვენო ჯარისკაცებო - გიორგი მარგველაშვილი

“ქართველ ოჯახებს სძინავთ მშვიდად და მოღვაწეობენ მშვიდობისთვის, რადგან მათ სიმშვიდეს იცავთ თქვენ, ჩვენო პატივცემულო ჯარისკაცებო," - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებაზე მიმართა, რომელიც უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.   

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, უმაღლესი მთავარსარდლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას სწორედ არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენს. 

“ქართველ ოჯახებს სძინავთ მშვიდად და მოღვაწეობენ მშვიდობისთვის, რადგან მათ სიმშვიდეს იცავთ თქვენ, ჩვენო პატივცემულო ჯარისკაცებო - თქვენი პროფესიონალიზმის, სიმამაცის, უტეხობის ხარჯზე. მაგრამ ქართველი ჯარისკაცის უკან დგას მისი ოჯახი, რომელიც რეალურად მას შეაძლებინებს ამ სიმტკიცეს და ამ თავგანწირვას.

"საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაერთხელ აღინიშნა ქართული შეიარაღებული ძალების რეფორმები, წარმატებები უნარები და სულიერი სიმტკიცე. ჩვენი სიძლიერე, ჩვენი უნარი გავუმკლავდეთ მტერს და ვიყოთ ჩვენი მეგობრების გვერდით, მუდმივი აღტაცების საგანია,” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ჯარისკაცს და განსაკუთრებული აქცენტი საერთაშორისო მისიებში მყოფებზე გააკეთა.  

"ეს ერთობა შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და შეუვალი თქვენი სიძლიერის გამო, მაგრამ არა მარტო იმიტომ, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი სამხედრო უნარები, არამედ იმიტომ, რომ თითოეული რიგითი მოქალაქე, თითოეული ქართველი, როგორც თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ღმერთმა არ ქნას, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დგას თქვენ გვერდით, ემსახურება სამშობლოს დაცვის ერთიან მიზანს. ამისთვის იდგმება სერიოზული ნაბიჯები, როგორც შეიარაღებული ძალების სისტემაში, ასევე პოლიტიკურადაც. ჩვენ მთელი საზოგადოება გაერთიანებული ვართ ერთი მიზნისთვის - დავიცვათ და გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო!” - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს.

დღის ამბები