წინასაარჩევნო მედია გარემო და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ლიდერთა საბჭოს წევრებმა შეხვედრისას ისაუბრეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, დაფინანსების მხრივ გამოიკვეთა მმართველი პარტია და ასევე, „ევროპული საქართველო". დანარჩენ პარტიებს კი, მიზერული თანხები აქვთ, რაც მათ საშუალებას არ აძლევთ სრულყოფილად ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია.
„დაფინანსების ყოველგვარი პერსპექტივა გამოირიცხა იმ ფონზე, როდესაც მილიარდერების სექტა იბრძვის ძალაუფლების გასახანგძლივებლად. პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ იმის სახსრები, რომ თუნდაც თბილისის გარეთ გადავადგილდეთ,“ - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა
ლიდერთა საბჭოს წევრები ამბობენ, რომ მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული.
„ჩვენ გვაქვს იმასთან შედარებითაც კი გაუარესებული მდგომარეობა, რაც იყო წინა არჩევნებზე,“ - განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” და ”თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა.
რაც შეეხება მედია გარემოს, ლიდერთა საბჭოს წარმომადგენლების თქმით, მედია საშუალებებში ყველა კანდიდატს არ ეძლევა საშუალება, რომ დააფიქსიროს თავისი აზრი და ესაუბროს ამომრჩეველს.
„ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს საშუალება ძალიან ბევრ არხზე სერიოზულად ვისაუბროთ და გარკვეულ ფორმატში. იმიტომ, რომ მოკლე ინტერვიუები ვერ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებამდე ბოლომდე მიიტანო პრობლემა,“ - განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი