„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით თბილისში წესრიგის დასამყარებლად პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მერიაში სტრუქტურული ცვლილებები. ეს ეხება როგორც გამგეობებს ასევე მუნიციპალიტეტები, რომლებიც დუბლირებულია მერიასთან. ზაალ უდუმაშვილის თქმით ამ უწყებების ნაცვლად შეიქმნება სერვისცენტრები, სადაც ყველა იმ მომსახურებას მიიღებს ნებისმიერი მოქალაქე რასაც მერიაში იღებდა.
მისივე თქმით დღეს თბილისის მერს ერთი ვიცე-მერი და დაუსრულებელი რაოდენობის მოადგილეები ჰყავს. უდუმაშვილის განცხადებით მერს ეყოლება მხოლოდ სამი ვიცე-მერი და მათშორის არის ნიკოლოზ ვაჩეიშვილიც, რომელიც ძველი თბილისის ვიცე-მერის პოსტს დაიკავებს ზაალ უდუმაშვილის გამარჯვების შემთხვევაში.
სამომავლო გეგმებზე გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზ ვაჩეიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით ისტორიულ უბანში, ძველ თბილისში არის კატასტროფული მდგომარეობა და მისი მიზანია, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს.
ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით ის მოქალაქეები, რომლებიც თავად ცდილობენ ამორტიზებული შენობების შეკეთებას ჯარიმდებიან, რაც ნონსენსია.
მისი თქმით უნდა გაკეთდეს ერთიანი ურბანიზაციის პროექტი და ამაში იქნებიან ჩართული რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც წინასწარ ეცოდინებათ მათ სახლში რა სად უნდა გაკეთდეს და როგორ. საუბარია ისტორიულ უბნებში არსებულ სახლებზე, რომელთაც ძეგლის სტატუსი აქვს.