18 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილმა მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატები წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა „არჩევანში“ ის კანდიდატები წარადგინა, რომლებიც მისი გამარჯვების შემთხვევაში მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების  პოსტებს დაიკავებენ. მისი თქმით დღეს თბილისის მერიაში 12 საქალაქო სამსახურია და დარჩება მხოლოდ ათი.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით  სოციალური  და ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტს დაიკავებს ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც „არჩევანში“ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში განახორციელებს. კერძოდ, ეს იქნება სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ვერ იღებენ სათანადო დახმარებას.

ლევან ხაბეიშვილის თქმით 40 ათასი ადამიანი ითხოვს  მერიისგან  უფასო სასადილოში მომსახურებას და მათთვის გამოყოფილი თანხა არის მინიმალური. მისი განცხადებით თბილისელებს წაართვეს ზამთრის კომუნალური ვაუჩერები.

ლევან ხაბეიშვილის თქმით დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ვისაც აქვს 200 ათასზე ნაკლები ქულები, ისინი მიიღებენ დანამატის სახით 50 ლარს.

ხაბეიშვილი უფასო სასადილოების დაფინანსების სამჯერ გაზრდას გეგმავს.

ზაალ უდუმაშვილმა დღეს საზოგადოებას კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის საქალაქოს სამსახურის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატად ირაკლი ნადირაძე წარადგინა.

როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, პირველ რიგში ის შეეცდება მოგვარდეს საცობები თბილისში. ასევე , ნადირაძე შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესრულების შედეგად გამოთავისუფლებულ გზაზე ავტომაგისტრალის მშენებლობას გეგმავს.

ნადირაძის თქმით აშენდება ახალი ხიდები და ესტაკადები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზებს.

კიდევ ერთი კანდიდატი ვინც ზაალ უდუმაშვილმა წარადგინა განათლებისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო კვიტაიშვილია. მისი თქმით ზუსტად იცის რა აწუხებს სკოლებს და ის გეგმავს, რომ ყოველწლიურად სკოლებს გადასცეს 50 ათასი ლარი, რომელსაც სკოლა თავად გადაანაწილებს რისთვის გამოიყენოს.

კვიტაიშვილის თქმით ბავშვებს გადაეცემათ ვაუჩერები სხვადასხვა წრეებზე მისასვლელად.

მისივე თქმით აუცილებელია ბაღებისა და სკოლების დეპოლიტიზირება.

„ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდება მერიისგან“,-განაცხადა კვიტაიშვილმა 

"ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის თქმით ეკონომიკისა და ქონების მართვის საქალაქო სამსახურს დავით ნებიერიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც თქვა, რომ თბილისის ბიუჯეტი არის თბილისელების ფული და თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატებისა, ასევე ზაალ უდუმაშვილმა დანარჩენი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებიც დაასახელა. კერძოდ, შეიქმნება იძულებით პირთა გადაადგილებულ პირთა სამსახური , რომელსაც ბესო შენგელია უხელმძღვანელებს.  ზედამხედველობის უხელმძღვანელებს თემურ გრიგალაშვილი. დასუფთავების სამსახურს ბესო გაზდელიანი.  კულტურის სამსახურს ზაალ უდუმაშვილის განცხადებით უხელმძღვანელებს ხათუნა ოჩიაური. იურიდიულ სამსახურის უფროსის პოსტს კი  ვანო პეტრიაშვილი დაიკავებს.

ზაალ უდუმაშვილმა არ დაასახელა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის და არქიტექტურის სამსახურის  ხელმძღვანელები და როგორც განმარტა ამ ორი სამსახურის უფროსის შერჩევა მოხდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსით

ამავე თემაზე
დღის ამბები