სამართალდამცველებმა დავით როსტომაშვილზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 14 ივნისიდან ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ძებნილი, 1992 წელს დაბადებული ბექა კირვალიძე თბილისში აიყვანეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2017 წლის 14 ივნისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მოქალაქე დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა.
მან თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, გაქცევა მოახერხა. ამჟამად, დაკავებული მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.
ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ასევე, დაკავებულია კიდევ ორი პირი. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს.