საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან. როგორც დეპუტატები ამბობენ, საკუთარ პროტესტს ისინი გამოხატავენ სწორედ სხდომათა დარბაზში და შეეცდებიან ხელი შეუშალონ უმრავლესობას გადაწყვეტილების მიღებაში. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ამბობენ იმასაც, რომ ის, რაც ხდება შენობის გარეთ, არის კანონის უხეში დარღვევა.
საკრებულოს ფრაქცია "თბილისელების" თავმჯდომარის განცხადებით, დღეს იქნა მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრები არ შეუშვეს შენობაში.
„ევროპული საქართველოს" დეპუტატები ძალისმიერი მეთოდით არ შემოუშვეს თბილისის საკრებულოში. ეს არის კანონის უხეში დარღვევა. მიიღეს უპრეცედენტო ზომები. მთელი ტერიტორია გადაკეტილია პოლიციელებით. თბილისში დღეს რომ მოხდეს რაიმე დანაშაული, პოლიცია ვერ მივა, იმიტომ რომ თბილისის მთელი პოლიცია არის საკრებულოს სხდომაზე მობილიზებული,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ადგილზე არიან სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც საკრებულოს ფანჯრიდან აფიქსირებენ აქციაზე მისული ადამიანების სახეებს.
„ეს არის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც არსებობდა აქამდეც და აგრძელებს "ქართული ოცნება" ყველა იმ საშინელი მეთოდის გამოყენებას, ოღონდ კი მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც უბრძანა ბიძინა ივანიშვილმა,“ - განაცხადა ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიცია აპროტესტებს ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის საკითხს. სწორედ ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულომ.