"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატს აქვს უფლება შევიდეს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში და ის, რომ მათ ამის უფლებას არ აძლევენ, არის კანონის უხეში დარღვევა.
საუბარია დღეს თბილისის საკრებულოში დაგეგმილ სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების ერთ ლარად გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ. შენობის გარეთ კი ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ისინი დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვლას ვერ ახერხებენ.
„ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობაში ხელის შეშლა. ამას ვამბობ იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც აქ დგანან და იცავენ ბიძინა ივანიშვილს პირად ინტერესს, მიიტაცოს ჩვენი ქვეყანა. არღვევენ კონსტიტუციას, როდესაც არ გვიშვებენ საკრებულოში. ვისგან იცავენ საკრებულოს შენობას? ჩემგან, ნიკა მელიასგან?“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი. ნიკა რურუას განცხადებით საკრებულო „ქართულმა ოცნებამ“ აქცია საკუთარ ნუცას სკოლად.
„დაწესებულება, რომელიც ეკუთვნის ხალხს, უნდა მუშაობდეს ხალხისთვის და ამ წუთებში გადაქცეულია კანტორად, ნოტარიულ კანტორად, რომელიც ოლიგარქს უკანონებს მოედნის ნახევარს და მთას სოლოლაკში,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ საქართველოში არის დიქტატურა და ბიძინა ივანიშვილმა მოირგო კონსტიტუცია და ის, რაც ხდება, არის ივანიშვილის ეზოს კეთილმოწყობა.
„შიგნით არიან მონები,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა