„სუს-ის თანამშრომლები მართავდნენ დღეს მთელ ამ პროცესს,“ - ეს განცხადება ფრაქცია რესპუბლიკელების წარმომადგენელმა გააკეთა.
ხათუნა სამნიძის განცხადებით, სუს-ის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული, როგორც საკრებულოს შენობის გარეთ, ასევე შიგნით და ისინი აფიქსირებდნენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა დღევანდელ აქციაში.
საუბარია საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ოპოზიციის წევრები, მხარდამჭერებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემას აპროტესტებენ.
საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ფრაქცია რესპუბლიკელების კიდევ ერთმა წევრმა.
დავით ზურაბიშვილის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობამ მოახდინა უპრეცედენტო მობილიზება სამართალდამცავების. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ცდილობდა, უხმაუროდ მიეღო გადაწყვეტილება და „ხაზეინისთვის“ დაემტკიცებინათ მიწის ფართობები, მათ მაინც მიიღეს ხმაური.
„უნდოდათ, უხმაუროდ ჩაეტარებინათ და ჩუმად გაეპარებინათ ის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად სერიოზულ პროტესტს იწვევს, მაგრამ მაინც მიიღეს ხმაური,“ -განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ საკრებულოს შენობის წინ, სადაც ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია. რამდენჯერმა ადგილი ჰქონდა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. არიან დაკავებულებიც.