ვაკის პარკში გავრცელებული მწერი ნამდვილად აზიური ფაროსანაა - დასკვნა ორდღიანი კვლევის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქი ისეთივე საფრთხის წინაშე დგას, როგორც დასავლეთ საქართველო.
მიღებულია გადაწყვეტილება ვაკის პარკის შეწამვლის შესახებ.
უწყებაში ამბობენ, რომ კვლევა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც ჩაატარეს, თუმცა მწერი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ლოკაციაზეა აღმოჩენილი.
საგანგებო ბრიფინგს, რომელიც სურსათის უვნებლობის სააგენტოში გაიმართა, გარემოს დაცვისა და მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი ინფორმაციით, იგეგმება ფაროსანას შემაჩერებელი ერთობლივი ღონისძიებების გატარება.
ჯერჯერობით ერთადერთი რეკომენდაცია, რასაც მოსახლეობას აძლევენ, ფაროსანასთან დამოუკიდებლად ბრძოლაა. იმის გამო, რომ საცხოვრებელი სახლების შეწამვლა ქიმიური ნივთიერებებით არ შეიძლება, მოქალაქეებს მხოლოდ მტვერსასრუტისა და სარეცხი ფხვნილის გამოყენებას ურჩევენ.
საკუთარი ძალებით ცდილობენ ფაროსანასთან ბრძოლას დასავლეთ საქართველოშიც, სადაც მავნე მწერი საცხოვრებელ სახლებს შეესია. მწერთან გამკლავებას მოსახლეობა მაინც ვერ ახერხებს. ხალხი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.
რთული მდგომარეობაა გურიაში, იმერეთსა და აჭარაში. მოსავლის განადგურების შემდეგ, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა სახლებს შეესია.