ბუნებრივი აირის მილების გასაყვანად გადათხრილი გზა და უყურადღებოდ დატოვებული მოსახლეობა - ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარამდე მისასვლელ მონაკვეთზე ამ დრომდე მძიმე ტექნიკა დგას, თუმცა, სამუშაოები შეჩერებულია.
სოფელში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს გაუსაძლის მდგომარეობაში უწევს ყოფნა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, გზის დაგება არ მოხდება და ზამთარს მოსახლეობა მოუმზადებელი შეხვდება.
ადგილობრივებს ატალახებულ ქუჩებში მხოლოდ ფეხით უწევთ გადაადგილება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი მოსწავლეები არიან, რომლებიც ყოველდღე სკოლამდე მისასვლელად ხუთ კილომეტრს გადიან.
მოსახლეობას სამუშაოების დასრულებას აჭარის საგზაო დეპარტამენტი ჯერ აგვისტოს ბოლოსთვის, შემდეგ კი სექტემბერისთვის დაპირდა. თუმცა, ადგილზე ამ დრომდე მიტოვებულია ის მძიმე ტექნიკა, რომელსაც გზის სამშენებლო სამუშაოების დროს იყენებდნენ.
აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამუშაოები სოფელში ბუნებრივი აირის მონტაჟმა შეაფერხა და მის დასრულებას ელოდებიან.
ადგილობრივები შიშობენ, რომ უგზოობის გამო, საზამთროდ ვერც პროდუქტს და ვერც შეშას მოიმარაგებენ.
ავტორები: ნინო გაზდელიანი, თეა ვაშალომიძე.