ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების შემდეგ, საკითხზე მსჯელობას სინოდიც გეგმავს.
სასულიერო პირებმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გუშინ საპატრიარქოში იმსჯელეს.
ოქმის თანახმად, კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვა სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების დასრულებამდე გადავადდა.
ციანიდის საქმე სინოდის სხდომაზე ბოლო საკითხად გავიდა. სულ მღვდელმთავრებმა 4 თემაზე იმსჯელეს.
„სინოდის სხდომაზე სიტყვა მოხსენებისათვის მიეცა ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, მაღალ- ყოვლადუსამღვდელოეს პეტრეს. ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ, სააპელაციო, საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმინდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, კანონიკური სამართლის ფორმატში, დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებდა. პროცედურების დასრულების შემდგომ, წმინდა სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო, ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს,“-აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.