18 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
"ამას მოჰყვება მეგობრებო ძალიან მწვავე რეაქცია" - ზაზა ხატიაშვილი ციანიდის საქმის ადვოკატების დაშინების მცდელობაზე საუბრობს

"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატების დაშინების მცდელობაზე საუბრობს.

ზაზა ხატიაშვილს ამის დასტურად, პროკურატურის მიერ აღძრული მორიგი სისხლის სამართლის საქმე მოჰყავს, რომელიც დახურულ პროცესზე მიცემული ჩვენებების გასაჯაროების ფაქტს იძიებს.

„სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი, რომლითაც პროკურატურამ აღძრა საქმე, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მათ სურთ, ადვოკატების წინააღმდეგ ჩაატარონ დამსჯელი ღონისძიება და მე მინდა გავაფრთხილო ის ტვინგამოცლილი პროკურორი, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე მინდა გავაფრთხილო სავარაუდოდ რიგითი მურუსიძე, რომელმაც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და ადვოკატები დაიბარონ მაგისტრ მოსამართლესთან დასაკითხად, ამას მოჰყვება მეგობრებო ძალიან მწვავე რეაქცია. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არ დაუშვებს, რომ ადვოკატის კლიენტთან კონფიდენციალობის პრინციპი, ზოგიერთი ვაი პროკურორის გადაწყვეტილების გამო დადგეს საფრთხის ქვეშ,“-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურორის მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ, მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატები, თუმცა უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ისინი მაგისტრი მოსამართლისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებენ.

„ჯარჯი წიკლაურმა გაასაჯაროვა ყველა მასალა და მის მიმართ არანაირი გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა რაც მთავარია არ დაწყებულა და ჩვენს მიმართ მიდის აპრიორი, მაშინ როდესაც არანაირი მტკიცებულება არ აქვთ,“-აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

დღის ამბები