ამერიკის ელჩმა საქართველოში საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი დაათვალიერა. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ერთობლივ ღონისძიებებზე და პროექტებზე ისაუბრეს.
საზღვაო ოპერაციების მართვის ერთობლივი ცენტრი სუფსაში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე აშშ-ის დაფინანსებით აშენდა. მისი მიზანია, საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა.
“ძალიან შთამბეჭდავი შენობაა და ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფინანსა მისი მშენებლობა. მოხიბლული ვარ საქართველოდ მთავრობის ეფექტური ქმედებებით, რომ შექმნეს უწყებათაშორისი ინფორმაციის გაზიარების რეალური მოდელი. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველო რეგიონში ხდება ლიდერი ქვეყანა. ეს კი მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი უფრო მეტად აქტუალური ხდება,” - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ.