18 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ბაგების სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

ბაგების სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალი უკვე წაუყენეს. დღესვე სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. დაკავებულებს ჰიპერმარკეტ „გორგიას“მფლობელის გატაცებისა და გამოძალვის მომზადებას ედავებიან. ისინი ბიზნესმენის საცხოვრებელ კორპუსში ნაქირავები ბინიდან აიყვანეს. ჩხრეკა ჩატარდა გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლის სახლშიც.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ, არ ვიცი რა პოზიცია შეიცვლება და რატომ იყვნენ იმ სახლში, ანუ ამასთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული პოზიციები, რომელსაც ალბათ შეიტყობთ შემდგომ. ის ვიდეო, რომელიც გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ უფლება არ ქონდათ, რომ გამოექვეყნებინათ, რამდენად ავთენტურია, რამდენად შეესაბამება, ეს ყველაფერი სადაო საკითხია,“ - განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პირველი კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა.

“ვვარაუდობთ, რომ სწორედ გია გორგოშაძის მითითებით შეიძლება ყოფილიყო ნინო დარსალიას მიმართ პოლიციის მხრიდან გამოჩენილი ინტერესი. სხვა ლოგიკა არ ჯდება, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ნინო დარსალიას გორგოშაძის წინააღმდეგ, რაღაცა სხვა ქმედებაში. ნინო დარსალიას ნამდვილად აქვს კონფლიქტი გია გორგოშაძესთან, დაწყებულია გამოძიება, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ეს გამოძიება. რამდენიმე ტომია შექმნილი ამ საქმეზე და სავარაუდოდ, პასუხისგებაში არის ამ საქმესთან დაკავშირებით გია გოგროგაშძე და ნანა ყეინიშვილი მისაცემი,“ - განაცხადა ნინო დარსალიას ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ.

დღის ამბები