გორის გვირაბთან დაღუპული 21 წლის ბექა ხახუბიას მამა დუმილს არღვევს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ხახუბია მისი შვილის დაღუპვის საქმეში სამართალდამცველებს ღიად ადანაშაულებს.
ირაკლი ხახუბია 21 წლის შვილის დაღუპვის ისტორიას საჯარო წერილში დეტალურად ყვება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი 17 მაისს, გორის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარის გამო პასუხისმგებლობას პოლიციელებს აკისრებს.
ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის დროს 17 მაისს, გორის გვირაბთან, ტრაილერის დაჯახებისას ადგილზე გარდაიცვალა. 21 წლის შვილის გარდაცვალების გამო, დეპუტატი მართლმსაჯულების აღსრულებას მოითხოვს და სამართლებრივი დავის ბოლომდე მიყვანას გეგმავს.
საქმეზე დაკავებული სამივე პოლიციელი სასამართლომ საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულების ადვოკატი გარდაცვლილი ბექა ხახუბიას ოჯახის წევრებს არწმუნებს, რომ საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებს მის შესაჩერებლად სხვა გზა არ ჰქონდათ.
ირაკლი ხახუბიას კოლეგები თვლიან, რომ სამართალდამცველებს ტრაგედიის თავიდან აცილება შეეძლოთ.
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გორის სასამართლოში პირველი არსებითი განხილვა ორშაბათს გაიმართება.