რუსეთის სპეცსამსახურებმა მასშტაბური ტერაქტები აღკვეთეს. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსკოვსა და მახაჭკალაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა დაკითხვისას აღიარეს, რომ დავალებებს ISIS-ის გავლენიანი წევრებისგან იღებდნენ და დაღესტანში მასშტაბური თავდასხმების სერიის მოწყობას გეგმავდნენ. ტერაქტები ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით, მათ ხალხმრავალ ადგილებსა და სახალხო ღონისძიებების დროს უნდა განეხორციელებინათ.
გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილების კვალზე სპეცსამსახურები ინტერნეტში გამოქვეყნებული მიმართვების საშუალებით გავიდნენ. ჩხრეკისას, მათ სხვადასხვა სახის შეიარაღება და ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო ნივთიერებები აღმოაჩნდათ.