კობა ნოყოფია უკრაინაში არ შეუშვეს. საქართველოს პარლამენტის წევრი ბორისპოლის აეროპორტში საზღვარზე გააჩერეს და განუმარტეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ. "კურიერთან" ინტერვიუში დეპუტატი მომხდარს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას და 17 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უკავშირებს.
„საზღვრის გადაკვეთის დროს ჯერ მთხოვეს, რომ ცოტა ხანი დაგველოდეო, შემდეგ დაახლოებით ნახევარ საათში დამპატიჟეს აქაური მესაზღვრის კაბინეტში, რომელმაც მითხრა, რომ თქვენზე არისო აკრძალვა ქვეყანაში შემოსვლაზეო. მე მოვითხოვე რა თქმა უნდა მიზეზები რა მიზეზით შეიძლება ეს მომხდარიყო, მიზეზებს არ ხსნიან. 17-ში მიხეილ სააკაშვილი მართავს დიდ აქციას. დისკომფორტი რომ შეუქმნან, რაღაც წინააღმდეგობები რომ შექმნან თავისი აზრით, თავისი ჭკუით ესეთ ზომებს მიმართავენ,"-განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ამ დროისთვის კობა ნაყოფია ბორისპოლის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება. ვითარების გასარკვევად აეროპორტში კობა ნაყოფიას ადვოკატები და რადას დეპუტატები მივიდნენ.