„ჩვენი მთავარი მიზანია ბიძინა ივანიშვილს ჩამოვართვათ ის ავტოფარეხი, რომელიც საკრებულომ დაუკანონა. უნდა შეჩერდეს თბილისის დაცინვა,“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
ზაალ უდუმაშვილის თქმით საკრებულოს უმრავლესობაში არის 30 ადამიანი, აქციაზე კი ათიათასობით ადამიანია მისული და სწორედ ეს არის კანონო და ხალხი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
„თბილისი დაანახებს ბიძინა ივანიშვილს, რომ მას გააჩნია თავმოყვარეობა და არ დათმობს მის ტერიტორიებს ვიღაცის კერძო ავტოფარეხად გადასაკეთებლად“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
აქცია დაახლოებით ერთი საათის წინ მეტროსადგურ რუსთაველთან დაიწყო. საპროტესტო მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება.
ოპოზიცია საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს თაბორის მთასა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცა.